ხვიჩა კვარაცხელიას ისტორიული გოლი „ლივერპულის“ კარში

09 აპრ 2026

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი ინგლისელთა კარში დეზირე დუემ მე-11 წუთზე გაიტანა და ტაიმი ფრანგებმა 1:0 მოიგეს.
65-ე წუთზე კი კვარაცხელიამ პარიზელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა. ის გახდა „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ ოთხ შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. მან ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მესამედ დაასახელეს.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე 8 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მან „ლივერპული“ გაშვებულ გოლს არაერთხელ გადაარჩინა და გუნდის რიგებში საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

მეორე მეოთხედფინალში „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. გოლები კატალონიელთა კარში ხულიან ალვარესმა და ალექსანდერ სორლოტმა გაიტანეს. ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 14 აპრილს გაიმართება.