9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, ეს დღეები ძალიან მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეებს, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა - ანდრია ჯაღმაიძე

09 აპრ 2026

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. ეს წლები წარუშლელია მათთვის, ვინც იმ დღეებს შევესწარით, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ დღეებში ერთის მხრივ, იყო უდიდესი ტრაგედია და მეორე მხრივ, გაერთიანებული ერი, ერთმანეთის მანუგეშებელი ხალხი და ერთმანეთის ჭირისუფალი.

„ეს დღეები ძალიან მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეებს, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა და ერთმანეთის ჭირისუფალი იყო. თან იყო მწუხარება, მაგრამ იყო პატრიარქის დანატოვარი ძალიან დიდი იმედი, რომ პატრიარქის მიერ დაწყებული მიზნები იქნებოდა მიღწეული ერთობით და სიყვარულით. დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ 9 აპრილს გარდაცვლილთა სულები, ასევე კათოლიკოს-პატრიარქის სული. დღეს არის დიდი ხუთშაბათი და ეს ლოცვითი დღეები განგვაწყობს ლოცვისთვის და იმ სიღრმის გააზრებისთვის, რასაც ნიშნავს დღევანდელი დღე. აღდგომამდე წინ ასევე გვაქვს მსახურებები, მნიშვნელოვანი დღეები, რომელიც ქრისტიანმა უნდა გაიაზროს. ახლა მთავარი ყურადღება ეკლესიაზეა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება პატრიარქის არჩევის საკითხს, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მღველმთავრებს შესაძლოა, ჰქონდეთ სხვადასხვა დამოკიდებულება და მოსაზრება, მთლიანი მიზანია, ახალი პატრიარქის გამორჩევის საკითხი მშვიდობით და სიყვარულით იყოს მიყვანილი ბოლომდე.

„ამ დღეებში ყურადღება გვაქვს ლოცვაზე, მსახურებაზე, ერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მღველმთავრებს შესაძლოა, ჰქონდეთ სხვადასხვა დამოკიდებულება და მოსაზრება, მთლიანი მიზანია, მშვიდობით და სიყვარულით იქნას მიყვანილი ბოლომდე ახალი პატრიარქის გამორჩევა, რაც აუცილებლად იქნება ერთსულოვნებით და სიყვარულით შენარჩუნებული. იქნება სხვადასხვა აზრები გამოთქმული, თუმცა მთავარია, ერთობაზე ყველას აქვს ძალიან დიდი მონდომება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, არაერთხელ თქვით, რომ ირაკლი კობახიძეს სთხოვეთ პატიმრების შეწყალება, გათავისუფლება, კიდევ გაქვთ თუ არა ამ მიმართულებით მცდელობა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა: „არ გამოვრიცხავთ, შემდგომში კიდევ გვქონდეს ამაზე რაიმე საუბრები“.

მისივე თქმით, წელს საპატრიარქოს ექნება სააღდგომო ეპისტოლე, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ, მოსაყდრის შიო (მუჯირის) ეპისტოლე იქნება.