ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აშშ-სა და ირანს შორის

09 აპრ 2026

შეერთებულმა შტატებმა თავის  მოკავშირე ისრაელს უნდა მოუწოდოს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ლიბანზე გასულ თვეში ჰეზბოლასთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე დარტყმები განახორციელა-აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  საიდ ხატიბზადე. მისივე თქმით, ირანი მოელის, რომ შეერთებული შტატები შეასრულებს თავის ვალდებულებებს და უზრუნველყოფს, რომ ისრაელი დაიცავს ზავის პირობებს, რაც, მისი თქმით, ლიბანსაც მოიცავს.

ახლო აღმოსავლეთში  ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის პირველ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ისლამაბადი უმასპინძლებს. პაკისტანის ხელისუფლებამ დედაქალაქში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღო.
ორივე ქვეყნის დელეგაციები, სავარაუდოდ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერდებიან. ირანული დელეგაცია, რომელსაც  ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს,   პაკისტანში დღეს გაემგზავრება, ხოლო აშშ-ის დელეგაციასთან ოფიციალური მოლაპარაკებები შაბათს  დაიწყება.
პაკისტანი ირანის კონფლიქტში შუამავლის როლს თამაშობს, თუმცა ვაშინგტონი და თეირანი მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე ვერ თანხმდებიან.
შეხვედრაზე ორმუზის სრუტეში ნაოსნობის ბედი და ლიბანში ისრაელის ომი  მთავარი გადასაჭრელი საკითხებია.