სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

10 აპრ 2026

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვას და დატირებას ასახავს.

რიტუალი დღეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა.

დღეს წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.