11 აპრ 2026
იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.
ცეცხლის გადმოსვლას მართლმადიდებელი არაბების ტაძარში ყიჟინით შესვლა უძღოდა წინ - ისინი არაბული შეძახილებით ადიდებენ ღმერთს.
უფლის საფლავის კარი ცვილის სანთლით არის დაბეჭდილი. მანამდე პოლიციამ სალოცავი შეამოწმა და იქ ყველა კანდელი და სანთელი ჩააქვრეს. საფლავზე კი ბამბას აფენენ, რომელზეც ცეცხლი უნდა გადმოვიდეს.
საფლავის გარშემო სამჯერ ლიტანიობის შემდეგ, პატრიარქი თეოფილე განიმოსება და კვართით შევა კუვუკლიაში. ტაძარში მყოფებს ხელში უჭირვთ 33 სანთლის კონა, რაც ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებს განასახიერებს.
ომის გამო, წელს, ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი განსაკუთრებულ ვითარებაში იმართება. შეზღუდვები რამდენიმე დღეა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოიხსნა, რამაც შესაძლებელი გახადა რიტუალის სრული მასშტაბით ჩატარდეს.