13 აპრ 2026
აშშ-ის დემოკრატებმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დამარცხება ზეიმით აღნიშნეს, მაშინ როცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირეებმა და რესპუბლიკელმა კოლეგებმა უფრო არაერთგვაროვანი რეაქცია გამოთქვეს ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ლიდერის დამარცხებაზე. ტრამპი ორბანს წინასაარჩევნოდ აქტიურად უჭერდა მხარს, გასულ კვირას უნგრეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც ჩავიდა ორბანის მხარდასაჭერად.
აშშ-ის ორივე პარტიის კანონმდებლებმა მადიარს გამარჯვება მიულოცეს. ზოგიერთმა დემოკრატმა ორბანის დამარცხება შეერთებულ შტატებში ნოემბრის შუალედური არჩევნების რესპუბლიკელთა დამარცხების წინაპირობად მიიჩნია.
აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის მოსახლეობამ უარყო „ვლადიმერ პუტინის მავნე გავლენა“ და „საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტა“.
თავად ტრამპი უნგრეთის არჩევნების შედეგებს არ გამოხმაურებია. თუმცა, მისმა რამდენიმე მოკავშირემ, როგორიცაა ტექნოლოგიური მაგნატი ილონ მასკი, თავის იქსზე დაწერა, რომ სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი დაიპყრო.