21 აპრ 2026
საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული და კვლევითი მომსახურება - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ დროისთვის მსოფლიოში არ არსებობს მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების განკურნებაზე. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს ერთიდან სამ წლამდე.
"იმედს გამოთქვამ და მთელი გულით გულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება გამოგონებული, რაც უზრუნველყოფს ყველას გამოჯანმრთელებას.
ახლა მოგახსენებთ მოკლედ მოთხოვნილი მედიკამენტების შესახებ. მოთხოვნილია ერთ-ერთი სახეობა მედიკამენტისა, რომელზეც შარშან ამ დროს რომ წარმართულიყო მსჯელობა და სახელმწიფოს ეყიდა ერთი პაციენტისთვის 3 მილიონ 200 000 ღირებულების ეს მედიკამენტი დაახლოებით 2 თვის შემდეგ ევროპის წამლის მარეგულირებელი, იტყოდა მტკიცე უარს მედიკამენტისთვის ავტორიზაციის მინიჭებაზე"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე EMA-ს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც: "12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა პლაცებოსთან შედარებით".
მინისტრს ჰკითხეს, რა ვადებში გაეცემა პასუხი იმ ადამიანებს, ვინც ელოდება დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც დაავადებულთა ოჯახების წევრები ითხოვენ.
„ზუსტად, ან მიახლოებით იმის თქმა, ან პროგნოზის გაკეთება, რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი, ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმ ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, EMA (ევროპის წამლის სააგენტო), ბევრი სხვა დაწესებულება, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ კვლევითი, თუ სხვა მიმართულებით, ვიდრე საქართველოს შეიძლება ჰქონდეს. ამიტომაც არის ლოგიკური, რომ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში. თუმცა აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და კომუნიკაციას შესაბამის დაწესებულებებთან, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ პასუხი კითხვებზე“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.