დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია „ენგურჰესში“ შემავალი „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი - სუსი

23 აპრ 2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს „ენგურჰესში“ შემავალი შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი.

სუს-ის ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

„დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას: მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.