ევროკავშირი ჩაერია არჩევნებში და არ დაუშვა თავისუფალი კენჭისყრა არაერთ ქვეყანაში - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიში

27 აპრ 2026

ევროკავშირი ჩაერია არჩევნებში და არ დაუშვა თავისუფალი კენჭისყრა სლოვაკეთში 2023 წელს, ნიდერლანდებში 2023/2025 წლებში, საფრანგეთში 2024, რუმინეთში 2024, მოლდოვაში 2024 და ირლანდიაში 2024/2025 წლებში - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრებმა მოამზადეს.

ამ მტკიცებულების საფუძველს წარმოადგენს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ოფიციალური ანგარიში, რომელიც გამოქვეყნებულია 2026 წლის 3 თებერვალს, სახელწოდებით - "უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისკენ და როგორ აზიანებს ეს ამერიკულ გამოხატვის თავისუფლებას აშშ-ში".

ტექსტში აღნიშნულია, რომ 2023 წელს "ციფრული მომსახურების შესახებ აქტის" (DSA) ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკომისია რეგულარულად ახდენდა ზეწოლას სოციალურ პლატფორმებზე პოლიტიკური შინაარსის კონტენტის წასაშლელად ან შესაზღუდად.

ანგარიშის ავტორების მტკიცებით, ევროკომისია იყენებდა დიდი ჯარიმების მუქარას, რათა აეძულებინა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა YouTube, TikTok და X (Twitter), წაეშალათ ისეთი კონტენტი, რომელიც არ არის უკანონო, თუმცა შეიცავს ევროკავშირის პოლიტიკის ან მიგრაციის კრიტიკას.

ეს ზეწოლა, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა "კონტენტის ცენზურას ეროვნულ არჩევნებამდე".

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ევროპული რეგულაციები პირდაპირ არღვევს ამერიკელთა უფლებას სიტყვის თავისუფლებაზე, რადგან აიძულებს პლატფორმებს, გამოიყენონ მოდერაციის გლობალური წესები, რომლებიც ზღუდავს "ამერიკულ მოსაზრებებს".