აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს უმაღლესი საბჭოს კომიტეტების სხდომაზე უსმენენ

27 აპრ 2026

აჭარის უმაღლეს საბჭოს კომიტეტებში მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის ზურაბ პატარაძის მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში მოსმენა ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მიმდინარეობს.

ზურაბ პატარაძე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს და საუბრობს რეგიონის განვითარების ძირითად მიმართულებებზე.   სიტყვით გამოსვლისას მთვარობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ რეგიონის განვითარება გაგრძელდება მოსახლეობაზე ზრუნვის პრინციპით, სადაც თითოეული ადამიანი რჩება მთავარ პრიორიტეტად. მისივე თქმით, ძირითადი აქცენტი გაკეთდება რეგიონში ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და განათლების დარგების განვითარებაზე, ტურიზმის სხვადასხვა  მიმართულების გაძლიერებაზე.   

ზურაბ პატარაძემ ასევე ისაუბრა რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეც. ცნობისთვის, კომიტეტებში  განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

მთავრობის ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. 

ცნობილია, რომ ზურაბ პატარაძის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ არის.