შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში ხე-მცენარეები დარგეს 

28 აპრ 2026

სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრებმა ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ხე-მცენარეები დარგეს.

სკვერში დაახლოებით 50-მდე ხე-მცენარე დაირგო, რაც გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად სიმბოლურად უკავშირდება შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობის გაზრდას.

28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 2003 წლიდან აღინიშნება.

ამ დღის მიზანია შრომითი პირობების გაუმჯობესება და სამუშაო გარემოში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

გამწვანების აქციის პარალელურად, პროფესიული კავშირების წევრებმა ისაუბრეს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების როლზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში და აღნიშნეს, რომ ორივე მხარის აქტიური ჩართულობა აუცილებელია ტრაგიკული შემთხვევების პრევენციისთვის.