28 აპრ 2026
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აღიარა, რომ კოლაფსის მდგომარეობაშია და სურს, შეერთებულმა შტატებმა რაც შეიძლება სწრაფად გახსნას ჰორმუზის სრუტე.
„ირანმა ახლახან გვაცნობა, რომ ისინი „კოლაფსის მდგომარეობაში“ არიან. მათ სურთ, რომ ჩვენ „ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება სწრაფად გავხსნათ“, - წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რა გზით მიიღო ირანისგან ეს გზავნილი. აშშ-ის პრეზიდენტი უკმაყოფილოა ომის დასრულების შესახებ ირანის უახლესი წინადადებით, რომელიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის განხილვის გადადებას მანამ, სანამ ომი არ დასრულდება და სპარსეთის ყურიდან გადაზიდვებთან დაკავშირებული დავები არ მოგვარდება.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ფოქს-ნიუსთან ინტერვიუში ირანი ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეფერხების გზით მსოფლიოზე ზეწოლის მცდელობასა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა. რუბიოს თქმით, ირანს სურს მსოფლიო ბირთვული იარაღით ისევე დააშანტაჟოს, როგორც ახლა ნავთობით აკეთებს.
სახელმწიფო მდივანმა კრიზისის მთავარ მიზეზად ირანის ბირთვული პროგრამა დაასახელა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და თქვას, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობას, გლობალურ სტაბილურობას.