29 აპრ 2026
მედიკამენტების ფუნქცია არის, გადაავადოს ეტლის საჭიროება. აქვე ვიტყვი, რომ თავისთავად ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესახებ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტროსთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხს არ წარმოადგენს.
„ჩემი მიზანი და სურვილია მშობლებთან ერთად ვიმუშაოთ და მივიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც არსებობს. გავაუმჯობესოთ მკურნალობის ეფექტიანიაობა თითოეული პაციენტისთვის. ამაზე სამინისტრო მუშაობას განაგრძობს, ეს არ დაწყებულა დღეს, ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრეა დაწყებული, ვიდრე ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი ამ საკითხით დაინტერესდებოდა. მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს, რომ მშობლები იდგნენ ქუჩაში და არაფერი გაკეთდეს. ეს მათ აწყობთ და ნებსით თუ უნებლიეთ ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან. ამის უფლებას ვერავის მივცემთ, ამიტომ სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას შედეგისთვის და არა პოლიტიკური ქულების დასაწერად.
არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად გულშემატკივრობენ და თანაუგრძნობენ პაციენტებს, მათ რიგებში ვართ ჩვენც. სამინისტროში მანამდე დავინტერესდით და დავიწყეთ მუშაობა იმ დროიდან, როცა ეს საკითხი არავის ინტერესის სფეროში არ იყო, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა. მე უნდა გამოვიყენო ტრიბუნა და უნდა ვცადო, პარლამენტსა და საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე საკითხის ირგვლივ, მიუხედავად იმისა, მწარეა თუ არა. საგანგებოდ უნდა ითქვას, ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება, თუმცა კი მარკეტინგულ მაღალ ინტერესს განაპირობებს, მათთვის, ვინც ხელის მოთბობას ცდილობს. დიახ, როცა ათეულობით და ასეულობით მილიონ ლარზეა საუბარი, აისახება მარკეტინგის აგრესიულობაზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, განხილვის საგანი უნდა იყოს, თუ რამდენად შეუძლია წამალს სიკეთის მოტანა ფატალური რისკების შექმნის გარეშე.
„ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ამ მედიკამენტების ფუნქცია არის, გადაავადოს ეტლის საჭიროება. აქვე ვიტყვი, რომ თავისთავად ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესახებ. არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტზე გვქონდეს არასწორი მოლოდინი. ამორალურია არასწორი მოლოდინის შექმნა სასოწარკვეთილი მშობლებისთვის. კი, ნამდვილად, როდესაც ადამიანმა იცის, რაზე საუბრობს, რა ნაკლოვანებებზეა საუბარი და მაინც ხდება არასწორი მოლოდინების შექმნა, არის ამორალური.
ტყუის ის, ვინც აქედან აკეთებს დასკვნას, თითქოს, ეტლის საჭიროების გადავადებას არასაკმარის მიზეზად მივიჩნევთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელსაც მოიტანს მედიკამენტი, უბრალოდ საჭიროა ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს და არ ქმნიდეს სასიცოცხლო საფრთხეებს. პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, არამედ ბავშვს უშველის სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხი არის, თუ რამდენად შეუძლია ამ წამალს სიკეთის მოტანა ფატალური რისკების შექმნის გარეშე“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.
„რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ამ გადაწყვეტილებას არავინ დააყოვნებს. ჩვენ გვსაყვედურობენ, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში დაახლოებით ასჯერ გაიზარდა ონკოლოგიის ბიუჯეტი და ვინმე საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებას ადამიანების ჯანმრთელობაზე ფული ენანება? ეს არის მტკნარი ტყუილი. თითოეულ მედიკამენტზე გვჭირდება მუშაობის გაგრძელება, ინფორმაციის მოძიება ინტენსიურად. ეს უნდა გაგრძელდეს და ამას ვაკეთებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაშიც, კიდევ უფრო ადრეც, ვიდრე გარკვეულ სიმწვავეს შეიძენდა ეს პრობლემა, ვიდრე საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდებოდა. კომუნიკაცია გვაქვს ექსპერტებთან, სხვა სახელმწიფოების მარეგულირებლებთან. ვიკვლევთ ინტენსიურად და ამის კონკრეტული მტკიცებულებებიც არსებობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.