ჩვენი მთავარი კრიტერიუმია აშშ-სთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, ასე რომ, ამ მიმართულებით მივდივართ - შალვა პაპუაშვილი

29 აპრ 2026

შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე ესაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი ორივე მხრიდან არსებობს, ურთიერთობების გაციების მიზეზად კი პაპუაშვილმა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია დაადანაშაულა.

„მოვა მაისი და ვნახავთ. მთავარი არის ერთი რამ - როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის საუბარი შედგა, მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ, რომ ორივე მხრიდან არის სურვილი, ურთიერთობა გადაიტვირთოს. ჩვენი მხრიდან ითქვა, რა არის კრიტერიუმი, როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კი, ნამდვილად მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა“. ჩვენი მთავარი კრიტერიუმი არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. ასე რომ, ამ მიმართულებით მივდივართ.

 

ჩვენ ამ საკითხს ვუდგებით ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გადმოსახედიდან, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები უყურებს თავის საგარეო პოლიტიკას საკუთარი ეროვნული ინტერესების გადასახედიდან. ჩვენ გვიხარია ის, რომ სახელმწიფო მდივნის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სხვა ქვეყნებსაც აქვთ საკუთარი ეროვნული ინტერესები და ამ ცოდნით შედიან ნებისმიერ საუბარში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ყველა უნდა შეეშვას იწილობიწილოს თამაშს, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი

„ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ გერმანია, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გვერდში მდგომი იყო, დღეს, ერთი მხრივ, გამოდის საქართველოს დამოუკიდებლობის ხელმყოფად, მეორე მხრივ, ქართველი ხალხის ღირსების შემლახავად. ეს ნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობა ქართველ ხალხს უყურებს, როგორც რაღაც მეორე კატეგორიის ხალხს, რომელსაც არ აქვს უნარი, უფლება, თავად განსაზღვროს, ვინ არის მისი ხელისუფლება და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არის დიდი სირცხვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გერმანიას ჯერ აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ არის დემოკრატიის, დემოკრატიული ევროპის ერთგული თუ უბრუნდება თავის ბნელ წარსულს, რომ არ აღიარებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, სხვა ხალხების სუვერენიტეტს, ღირსებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი და ხელისუფლება.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გამო აკრიტიკებს, რომ უწყების ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული.