ქობულეთის საკრებულოს სხდომა

30 აპრ 2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილეს.

სხდომის მთავარი ნაწილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსა და ურბანული განვითარების საკითხებს დაეთმო.

საკრებულომ მოისმინა და განიხილა მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მუნიციპალური პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის, სოციალური და ეკონომიკური პროექტების კუთხით. 

ყურადღება დაეთმო „ქობულეთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შესრულების კონტროლის წესის დამტკიცებას.

წარმოდგენილი პროექტი უკანონო ან რეგულაციების დარღვევით მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობის მექანიზმების გამკაცრებას ითვალისწინებს.

საკრებულოს წევრებმა ასევე განიხილეს დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმაში შესატანი ცვლილებები.

ცვლილებები ტერიტორიის სივრცით განვითარებასა და განაშენიანების პირობების მოწესრიგებას ეხება.

დღის წესრიგში, ასევე, იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილებები, შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცება, მუნიციპალური ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვადასხვა მუნიციპალური ორგანიზაციის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები.