01 მაი 2026
ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები სოციალური საცხოვრებლის პროგრამაში ჩართვას ითხოვენ. მათი განცხადებით, წლების განმავლობაში საცხოვრებლის გარეშე რჩებიან და არსებული პროგრამები მათ პრობლემას ვერ აგვარებს.
აქციის მონაწილეები მიუთითებენ, რომ უსახლკაროთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდა, თუმცა მათთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს შესაბამისი კომისია ბენეფიციარების შერჩევისას. სწორედ ამიტომ, ისინი კომისიის წევრებთან შეხვედრას და პროცესის გამჭვირვალობას ითხოვენ.
პროტესტის ფარგლებში მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა გამართეს. ისინი შეძახილებით გადაადგილდებოდნენ და საკუთარ სოციალურ მდგომარეობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი თქმით, ისინი არ დაიშლებიან და საჭიროების შემთხვევაში აქციებს კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმას მისცემენ.