შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას „სოციალური კალათის” პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი - "გუდვილი"

02 მაი 2026

ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოკლევადიან პერსპექტივაში „სოციალური კალათის“ გარკვეულ პროდუქტებზე ფასების დაწევის მიზნით მუდმივ რეჟიმში განხორციელდება სოციალურად მნიშვნელოვანი სასაქონლო ჯგუფებიდან გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც ჩვენი კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები, – ამის შესახებ ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმისთვის, რომ პროდუქტების ფასების დაწევის მიდგომა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, მნიშვნელოვანია, პარტნიორი მწარმოებლების, იმპორტიორებისა და სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას.

„საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნასთან, აგრეთვე „რითეილ ასოციაციის“ განცხადებასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

მთელი პროცესის განმავლობაში „გუდვილი“ აქტიურად სწავლობდა ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას; გავეცანით კომისიის დასკვნას და ვხედავთ, რომ კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნეს „სოციალური კალათის“ პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი.

ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოკლევადიან პერსპექტივაში „სოციალური კალათის“ გარკვეულ პროდუქტებზე ფასების დაწევის მიზნით ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ მიდგომას, რომლის მიხედვით, მუდმივ რეჟიმში განხორციელდება სოციალურად მნიშვნელოვანი სასაქონლო ჯგუფებიდან გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც ჩვენი კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ექნება სისტემური და უწყვეტი ხასიათი.

იმისათვის, რომ ზემოთ ხსენებული მიდგომა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ხელშესახები შედეგი გამოიღოს, მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორი მწარმოებელი, იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან გადმოიდგას შემხვედრი ნაბიჯები.

ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს“, – ნათქვამია „გუდვილის“ განცხადებაში.

საქართველოს „რითეილ ასოციაციამ“ განცხადება გაავრცელა: „ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები“.