სამართალდამცავთა გამართული მუშაობის დამსახურებაა, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ოთხი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ - პრემიერი

08 მაი 2026

ოთხი წლის განმავლობაში კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობა იყო ხუთი, აქედან ოთხი იყო ძალადობრივი, პირველ რიგში სწორედ სამართალდამცველი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურებაა, რომ ჩვენ ეს ოთხი ძალადობრივი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ, მადლობა ეკუთვნით სამართალდამცველი უწყებების თითოეულ თანამშრომელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც მაქსიმალურად იზრუნებს სამართალდამცველი ორგანოების ღირსების დაცვაზე და თანამშრომლების პირობების მუდმივ გაუმჯობესებაზე.

„კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ყველა სამართალდამცველ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ყველა შესაბამის უწყებას და შესაბამის თანამშრომლებს, რომლებმაც 2022-2025 წლებში წარმატებით აღკვეთეს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ოთხი ძალადობრივი მცდელობა. შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ასეთი მცდელობა იყო ხუთი აქედან, ოთხი იყო ძალადობრივი, პირველ რიგში სწორედ სამართალდამცველი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ეს ოთხი ძალადობრივი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ და კიდევ ერთხელ მადლობა ეკუთვნით სამართალდამცველი უწყებების თითოეულ თანამშრომელს, მადლობა მათ და ყველას ვუსურვებ წარმატებებს. სახელმწიფო მომავალშიც მაქსიმალურად იზრუნებს სამართალდამცველი ორგანოების ღირსების დაცვაზე და თანამშრომლების პირობების მუდმივ გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, გუშინ დააკავეს ძალოვანი სტრუქტურების ხუთი წარმომადგენელი, რომლებსაც ბრალი ედებათ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალადობრივი მიტინგების მიმდინარეობისას კონკრეტულ პირებზე ძალადობაში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ფაქტმაც დაადასტურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიცია, ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით, მაშინაც, როდესაც სახელმწიფოს უწევს დაუპირისპირდეს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ძალადობრივ მცდელობებს. ეს ხელწერა კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ხელწერის და სტანდარტის დასაცავად დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არცერთი შემთხვევა. სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო გუშინდელი ფაქტი, შესაბამისი პირების დაკავება. როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება“, –  განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების გამართული მუშაობა, მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც მნიშვნელოვანია მმართველი გუნდისთვის.