სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა შავი ზღვის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მეხუთე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

09 მაი 2026

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა დელეგაციასთან ერთად, შავი ზღვის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მე-5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორუმი ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობის და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურობის ორგანიზებით, სტამბოლში გაიმართა.

„ღონისძიებაში 15 ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების, სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სამსახურების წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობდნენ. ფორუმზე განხილული იყო საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების, არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების, ასევე, რეგიონული ინიციატივების ხელშეწყობის საკითხები.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 საზღვაო ფლოტის გაერთიანებული ტაქტიკური ძალების (CTF-166) ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მნიშვნელობას, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და არსებული პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს“, – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორამციაში.