მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერებმა სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს

11 დეკ 2025

მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერებმა სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. პარკის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმის დაფიქსირების შემდეგ, რეინჯერებმა ოპერატიული ღონისძიებები განახორციელეს.

შემოწმების შედეგად, ორ ავტომანქანაში მყოფი 8 უცხოელი ვიზიტორიდან ამოღებულია 6 ერთეული სავარაუდოდ სასიგნალო იარაღი და 415 ცალი ვაზნა.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ის ჩაქვის რაიონულ პოლიციას გადაეცა, ხოლო ადგილზე შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, დაცულ ტერიტორიებზე იარაღით გადაადგილება კანონით აკრძალულია და შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.