ტრამპი სამდღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

14 მაი 2026

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ორმხრივ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ თითოეული ქვეყნის წარმატება მეორისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს.

ჩინეთ-აშშ-ს სტაბილური ურთიერთობა მთელ მსოფლიოს სარგებელს მოუტანს, როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ორივე მხარე სარგებელს იღებს, როდესაც ერთმანეთს ვუპირისპირდებით, ორივე მხარე აგებს“, - განუცხადა სი ძინპინმა ტრამპს სახალხო დარბაზში შეხვედრისას.

სახელმწიფო ლიდერებმა  ორმხრივ მოლაპარაკებებზე სავაჭრო შეთანხმების, ირანის ომის და აშშ-ს მიერ ტაივანისთვის იარაღის გაყიდვის საკითხებზე იმსჯელეს.

ჩინეთის ლიდერმა ტრამპს უთხრა, რომ ტაივანი აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია და არასწორად მოგვარების შემთხვევაში, შესაძლოა მხარეებს შორის კონფლიქტი და უკიდურესად სახიფათო სიტუაცია გამოიწვიოს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერებმა დიდ სახალხო დარბაზში მოლაპარაკებების შემდეგ იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი, ზეცის ტაძარი დაათვალიერეს. დღეს ტრამპის  საპატივცემულოდ სახელმწიფო ბანკეტი გაიმართება, ხვალ კი აშშ-ის ლიდერს ჩინელი კოლეგა ჩაიზე და სადილზე ეპატიჟება.

სისთან ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა და, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობა  უკეთესი იქნება ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ტრამპი ჩინეთის დედაქალაქში ოთხშაბათს სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია ჩინეთში 2017 წლის შემდეგ. ვიზიტი თავდაპირველად მარტის ბოლოს იგეგმებოდა, მაგრამ ირანის ომის გამო გადაიდო.