ტრამპი და სი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს

14 მაი 2026

ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგომატარებლების თავისუფალი ნაკადის მხარდასაჭერად – ამის შესახებ ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები შეთანხმდნენ. ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი სი ძინპინი სრუტის მილიტარიზაციისა და მისი გამოყენებისთვის გადასახადის დაწესების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგია და გამოთქვა მეტი ამერიკული ნავთობის შესყიდვის ინტერესი, რათა მომავალში ჩინეთის დამოკიდებულება სრუტეზე შემცირდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპმა და სი ძინპინმა ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებში ფენტანილის პრეკურსორების ნაკადის შეწყვეტის საკითხში პროგრესის გაღრმავების, ასევე ჩინეთის მიერ ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესყიდვების გაზრდის აუცილებლობას.