14 მაი 2026
,,დღევანდელ სამყაროში საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის სახელმწიფო დუმის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, არიან უცხო ქვეყნები, რომლის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ მათ ან არ შეუძლიათ, ან უკრაინის მაგალითის მიხედვით ზოგიერთს არც უნდა, რომ ესა თუ ის კონფლიქტი გადაწყდეს.
ცნობისთვის, რუსეთის დუმაში მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი გააგრძელებენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას და თანდათანობით გადავლენ საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების ერთიან მიდგომაზე.
ასევე, იგეგმება ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, საერთო კომუნიკაციებისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება და თანამშრომლობის გაფართოება სოციალურ, შრომისა და კულტურის სფეროებში.