15 მაი 2026
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის მონაწილე კოლეგებსა და ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით მიმართა.
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რაც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა.
ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაამახვილა მედიის თავისუფლების საკითხზე და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენელს მოლდოვაში შესვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე უარი ეთქვა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, თუმცა როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება.
ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიმართ არსებულ ორმაგ სტანდარტებზე და აღნიშნა, რომ თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ საუბარი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ.