18 მაი 2026
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სინფონიეტას“ სამხრეთამერიკული ტურნე არგენტინის რესპუბლიკაში გრძელდება - პირველი კონცერტი ქალაქ პარანაში გაიმართა. ტურნეს ფარგლებში, „საქართველოს სინფონიეტა“ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან კონცერტს გამართავს ქვეყნის უმთავრეს სცენებზე: 19 მაისი — კონცერტი ქალაქ როსარიოში, კონცერტი ქალაქ კორდობაში, ტურნეს კულმინაცია, ორი გრანდიოზული კონცერტი ბუენოს-აირესში.
აღსანიშნავია, რომ 22 მაისის დასკვნითი საღამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება.
ამჯერად, ორკესტრის საგასტროლო რეპერტუარი განსაკუთრებით მასშტაბურია და ის ქართული და ევროპული კლასიკური მუსიკის შედევრებს აერთიანებს. მსმენელი მოისმენს ანტონიო ვივალდის, ედვარდ ელგარის, სულხან ნასიძის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის უკვდავ ნაწარმოებებს.
,,საქართველოს სინფონიეტას“ მასშტაბური ტურნე ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე ბრაზილიასა და არგენტინაში საქართველოს საელჩოების უშუალო ორგანიზებითა და აქტიური ჩართულობით.