18 მაი 2026
ბაგრატიონის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებლები მიმდებარედ მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, მათ საცხოვრებლებში ახალი ბზარები გაჩნდა, არსებული ბზარები კი მკვეთრად გაფართოვდა.
მოქალაქეებმა დღეს სამშენებლო ტერიტორია დროებით გადაკეტეს და მუშაობის პროცესი შეაფერხეს.
აქციის მონაწილეები ბათუმის მერიას სამუშაოების შეჩერებას და მდგომარეობის შესწავლას თხოვენ.
მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, მოქალაქეებს არწმუნებს, რომ სამუშაოები ყველა წესის დაცვით ხორციელდება და მათ საცხოვრებელს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თუ ექპერტიზის დასკვნით დამტკიცდება, რომ ბზარები მათი სამუშაოების შედეგად გაჩნდა, კომპანია მზად იქნება შესაბამისი რეაგირებისთვის.
აქციის მონაწილეებს ბათუმის მერიაში უპასუხეს.
ბაგრატიონის ქუჩის №131-ში კომპანია სამშენებლო სამუშაოებს მოქმედი სანებართვო პირობებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს.
რაც შეეხება მშენებლობის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსში წარმოშობილ ბზარებსა და შესაძლო საფრთხეების შეფასებას, აღნიშნული საკითხის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპეტენციას განეკუთვნება.
მშენებლობის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მენაშენის ვალდებულებას წარმოადგენს.