შალვა პაპუაშვილი ჩინელ კოლეგას შეხვდა

18 მაი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის - ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით დინამიურად ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატება.

შალვა პაპუაშვილმა, ასევე, დაადასტურა „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ საქართველოს ერთგულება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მხარდაჭერა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, თანამედროვე ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების სექტორებში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს 4 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის ერთ-ერთია, რასაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის ინვესტიციებს საქართველოში. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამშენებლო პროექტებში. განიხილეს ტურიზმის სექტორში თანამშრომლობაც.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდასა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალზე.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა შუა დერეფნის პოტენციალზე და ამ კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ შუა დერეფანი, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ტრადიციული ჩრდილოეთის დერეფნის ყველაზე ეფექტიანი ალტერნატივაა. მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ჩინურმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთვის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზაობა.