თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შეთანხმებას ხელი მოეწერა

18 მაი 2026

6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება, - შეთანხმებას ხელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოაწერეს.

დოკუმენტის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ და ილჰამ ალიევმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და ამ კონტექსტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლზე გაამახვილეს ყურადღება.

ქართულმა მხარემ გამოთქვა მზაობა უმასპინძლოს კომისიის მომდევნო სხდომას. ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს გლობალურ და რეგიონულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და მათ როლს დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას; აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.