სარფში მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

21 მაი 2026

სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე 2 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ სარფის საბაჟოს გვერდის ავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით აპირებდა მიგრანტების გადაყვანას, თურქეთში.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებულების მხილების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს და მოახდინეს დანაშაულებრივი განზრახვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.  

სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და სამალავში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საზღვარზე ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების და ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.