ნარკოდანაშაულისთვის 12 პირი დააკავეს

21 მაი 2026

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 12 ადამიანი. დაკავებულებს შორის არიან, როგორც წარსულში ნასამართლევი პირები, ასევე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: ერთ კილოგრამადე „მეფედრონი“, „კეტამინი“, „მდმა“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“, "პსილოცინის" შემცველი სოკო, „მორფინის“ შემცველი აბები, „პრეგაბალინი“, „ჰაშიში“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“  და „მარიხუანა“.

დაკავებულებს შორის არიან პირები,  რომელთა მხილების მიზნით, პოლიციამ მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“  უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.