21 მაი 2026
თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. გაიმართა რეპეტიცია, სადაც სამხედროების საზეიმო მზადების პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი ხელმძღვანელობდა.
თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან.
დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს საზეიმოდ თორმეტ ისტორიულ ადგილას დადებენ. ამის შემდეგ თავისუფლების მოედანზე თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.
26 მაისს, ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება.