აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა

21 მაი 2026

აჭარის უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათის ფორმატში დღეს დენის სალუქვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წელს განხორციელებულ საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაზე ისაუბრა. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით, 7000-მდე ფერმერს გადაეცა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

მინისტრის თქმით, 150 ფერმერზე გაიცა მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნერგები, რომლებიც გაშენდა 36 ჰექტარ ფართობზე. 8000-მდე ფერმერს, სხვადასხვა დარგის მიხედვით, საველე პირობებში ჩაუტარდა სწავლება და კონსულტირება.

ისაუბრა ასევე მეფუტკრეობის მიმართულებით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებსა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.

დენის სალუქვაძის განმარტებით, სამინისტრომ 2025 წელს ჯამში განახორციელა 16 პროგრამა და 12 ქვეპროგრამა, რომლითაც ისარგებლა 29 000-მდე ფერმერმა.

პარალელურად დაისვა კითხვები და სხდომაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.