იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს

23 მაი 2026

იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ცოფზე დაკვირვების მიზნით  თავშესაფარში  42 ძაღლი იყო მოთავსებული, აქედან  15-ს   მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი გამოუჩნდა და შესაბამისი წესების დაცვით ძაღლები იზოლირებულ სივრცეებში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის თავშესაფარში 27 ძაღლი რჩება. ბოლო ერთ თვეში  იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილია ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო 51 არავაქცინირებული ძაღლი, მათგან 3 ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით,  ცხოველთა მოყვარულებს, დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაკვირვების ქვეშ მყოფ ძაღლებს გადასცემენ.