23 მაი 2026
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება სახელწოდებით — „კულტურა და ხელოვნება თანამედროვე კონტექსტში“ — 7 სექციად მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე ყაზახი, სომეხი, ლიეტუველი, ბულგარელი და ალბანელი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები. კონფერენციის ფარგლებში იმართება პლენარული და სექციური სხდომები, სადაც მონაწილეები კულტურისა და ხელოვნების თანამედროვე გამოწვევებსა და აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ. წარმოდგენილია კვლევები, თანამედროვე ხედვები და პროფესიული გამოცდილება. ორგანიზატორების ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია სტუდენტებს შორის სამეცნიერო და შემოქმედებითი ურთიერთობების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. კონფერენცია უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს ეძღვნება.