24 მაი 2026
საქართველოს ეროვნული დღესასწაულის - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება აჭარის რეგიონში მასშტაბური აქტივობებით გრძელდება.
სამზადისში ჩართულია აჭარის მთავრობის, სამინისტროების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და უწყებები.
26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, რეგიონში მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობებია დაგეგმილი.
17:10 საათზე საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში საზეიმოდ შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და გაიმართება მთავარი ღონისძიებები.
ბათუმში საზეიმო ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც ჰიმნს შეასრულებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბათუმის სალოტბარო სკოლა, რის შემდეგაც გაიმართება გრანდიოზული გალა-კონცერტი.
26 მაისს განსხვავებული და საინტერესო პროგრამით ხვდებიან მუნიციპალიტეტებშიც. ქობულეთის ცენტრალურ პარკსა და ამფითეატრში სხვადასხვა საბავშვო და გასართობი აქტივობა იგეგმება, ასევე გაიმართება საზეიმო კონცერტი. ხელვაჩაურში კი, ადგილობრივი ანსამბლების კონცერტის გარდა, სპორტული ტურნირები და მეწარმე ქალთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. სადღესასწაულო ატმოსფერო იქნება მაღალმთიან აჭარაშიც. ქედაში დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები, ფლეშმობი „ხორუმი“ და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი. შუახევში მოეწყობა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე სპორტული და საბავშვო აქტივობები, ხოლო ხულოში დღე სახალხო მსვლელობით დაიწყება და საზეიმო კონცერტით დასრულდება.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.