25 მაი 2026
ევროკომისია 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკური პროგნოზის განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ეკონომიკურ პროგნოზებზეც არის საუბარი.
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში მშპ-ის ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა მაჩვენებელი სტაბილურად 5 – 5.5%-ის ფარგლებში დარჩება. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2026 წელს ქვეყანაში ინფლაციის დონეც სავარაუდოდ მაღალი დარჩება.
„2025 წელს, ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი წლის შემდეგ, საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი შენელდება, თუმცა 2026 და 2027 წლებში 5–5.5%-ის ფარგლებში სტაბილური დარჩება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, სავარაუდოდ, შედარებით შეზღუდული იქნება და ძირითადად ენერგომატარებლების ფასების მატებით იქნება განპირობებული.
ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, სავარაუდოდ, ისეთი მომსახურება იქნება, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, განათლება და ტურიზმი. ინფლაცია გასულ წელს სურსათზე ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო გაიზარდა და, სავარაუდოდ, ენერგიის მაღალი ფასების გამო 2026 წელსაც მაღალ დონეზე დარჩება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რაც იმპორტირებული ნავთობისა და გაზის ხარჯების ზრდით არის გამოწვეული“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ძალიან მაღალი, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ამავდროულად, ის ჩამორჩებოდა 2024 წლის 9.7%-იან რეკორდულ მაჩვენებელს.
„ეკონომიკური ზრდა 2025 წელს ძალიან მაღალი დარჩა და 7.5% შეადგინა, მაშინ, როცა 2024 წელს 9.7%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიწოდების მხრივ, ზრდა განპირობებული იყო მომსახურებით, კერძოდ, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებითა და განათლებით, ასევე წარმოებით, ხოლო სოფლის მეურნეობისა და სამთო მოპოვების წვლილი უარყოფითი იყო. მოთხოვნის მხრივ, ზრდის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორები კვლავ კერძო და სამთავრობო მოხმარება იყო, რასაც ხელი შეუწყო ხელფასების ზრდამ, რუსი მიგრანტების ხარჯვამ და ფულადი გზავნილების ზრდამ. წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს ინვესტიციები რეალურ მაჩვენებლებში შემცირდა, სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების შეფერხებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი შემოდინების გამო. წმინდა ექსპორტის წვლილი ოდნავ დადებითი იყო“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ინფლაციის პროგნოზზეც არის საუბარი. ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საწვავისა და სხვა ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო, 2026 წელს ქვეყანაში ინფლაცია, სავარაუდოდ, შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ 2027 წელს ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.
რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, 2025 წელს ის მშპ-ს 36.1%-ს შეადგენდა და მოსალოდნელია, რომ 2027 წელს თანდათანობით შემცირდება მშპ-ს 35%-მდე. ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის იანვარში საქართველომ წარმატებით გააფორმა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევრობონდების დაფარვის ვადა, დაბალი, 5.1%-იანი საპროცენტო განაკვეთით.
ამასთან, ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, დოკუმენტის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა ევროკავშირის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა – რთული გეოპოლიტიკური გარემო და აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავ ზეწოლას ახდენდა ეკონომიკურ ზრდაზე. დოკუმენტში საუბარია აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც. ევროკომისიის ანაგარიშის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5-5.5%-ის ფარგლებში დარჩება, უკრაინის ეკონომიკური ზრდა 1.5% იქნება, მოლდოვის კი – 2%.