25 მაი 2026
დღეს ბათუმში სტარტი აიღო ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატმა ჭადრაკში. შეჯიბრებაში 32 ქვეყნის 166 მოჭადრაკე იასპარეზებს და მათ შორის 30 ქართველი იქნება: რეიტინგის მიხედვით პირველ ათეულში შედიან ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე.
ტურნირის საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროა და გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გათამაშდება. ევროპის ჩემპიონატი ფიდეს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის ნაწილია და 10 საუკეთესო მოთამაშე ქალთა მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.
ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2000 წლიდან ტარდება და პირველად სწორედ ბათუმმა უმასპინძლა. მას შემდეგ ქალთა ჩემპიონატი საქართველოში კიდევ ორჯერ ჩატარდა: 2011 წელს - თბილისში და 2015 წელს - ჩაქვში. ჩვენებს სულ 9 მედალი აქვთ მოპოვებული, აქედან ორი ოქროსი.
ქართველთაგან პირველი ჩემპიონი 2017 წელს ნანა ძაგნიძე გახდა, ხოლო მეორე ოქრო ჩვენს ქვეყანას 2023 წელს მერი არაბიძემ მოუტანა.
ვერცხლის მედლები მოგებული აქვთ სალომე მელიას 2013 წელს, ნინო ბაციაშვილს 2015-ში და 2018 წელს ნანა ძაგნიძეს.
ბრინჯაოს მედლებს კი სხვადასხვა დროს დაეუფლნენ: მაია ჩიბურდანიძე 2000 წელს, ქეთევან არახამია 2001-ში, სალომე მელია 2014-ში და ლელა ჯავახიშვილი 2024 წელს.