25 მაი 2026
სომხეთმა შესაძლოა დაკარგოს „ძალიან მიმზიდველი“ ფასი, რომელსაც ის რუსული გაზისთვის იხდის, თუ რუსეთთან ინტეგრაციაზე უარს იტყვის - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია და ენერგომომარაგების მხრივ რუსეთზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, თუმცა ბოლო წლებში ის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირებს ამყარებს და ურო მეტიც გასულ წელს ბლოკში გაწევრიანების პროცესი დაიწყო.
„რუსული გაზისთვის ძალიან მიმზიდველი და პრეფერენციული ფასი არსებობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთი პირობები სხვა ინტეგრაციის ჩარჩოებში მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. იქ ფასების სტრუქტურა სრულიად განსხვავებულია. ის ბაზარზეა დაფუძნებული“, - უპასუხა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს სომხეთთან ურთიერთობების შესახებ დასმულ კითხვაზე.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთს რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის ინტერესი არ აქვს.
რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები - სადაც რამდენიმე რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული - სულ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა იძულებით დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის რეგიონი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაზის ფასების საკითხი აპრილში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე წამოჭრა და განაცხადა, რომ ერევანი ათას კუბურ მეტრ რუსულ გაზში 177,50 დოლარს იხდის, რაც ევროპაში 600 დოლარზე მეტი დაჯდებოდა.