26 მაი 2026
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან. პროგრესი დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ამ მნიშვნელოვან დღეს კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნდა.
გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობით საქართველოს ისტორიის ახალი თავი დაიწყო, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის სურვილით გამოირჩეოდა. დღეს, ისევე როგორც მაშინ, გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის. გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“ – ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთი ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობასა და სოლიდარობას გამოხატავს. 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის შემდეგ საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა მშვიდობისა და სტაბილურობის ცენტრალურ საკითხად რჩება ევროპაში. საფრანგეთი მხარს უჭერს, როგორც დღეს, ასევე მომავალში, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას“, – აღნიშნულია მილოცვაში.
საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ამ განსაკუთრებულ დღეს გულითადად ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი საქართველოს თავისუფლების ურყევი სულისკვეთების, გამძლეობისა და ეროვნული სიამაყის ნათელი სიმბოლოა – ღირებულებებისა, რომლებიც ღრმად ეხმიანება ისრაელის ხალხს. ჩვენი ორი ერი, მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, დაკავშირებულია უძველესი ისტორიით, საერთო დემოკრატიული პრინციპებითა და მტკიცე მეგობრობით, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.
საქართველო არის საამაყო ისტორიის, ლამაზი ტრადიციებისა და გამორჩეული ადამიანების ქვეყანა, რომლის სითბო, კულტურა და სულისკვეთება მრავალი ხალხისთვის შთაგონების წყაროა. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას ნათელი მომავლის მშენებლობაში“, – აღნიშნულია მილოცვაში.