მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

26 მაი 2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავებისა და ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. შეერთებული შტატები უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ მდგრადი უსაფრთხოებისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენს ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, ქართველ ხალხს გულწრფელი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ მომავალი წლისთვის“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს იხსენებს, ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ თქვენს აღმატებულებასა და მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენს ხალხებს შორის ყოველდღიურად ვითარდება მეგობრობასა და საერთო ინტერესებზე დამყარებული ახლომეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მაძლევს იმის რწმენას, რომ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ეს კავშირები, რომლებიც მოემსახურება ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების უზრუნველყოფას.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მინდა, პირადად თქვენ და ქართველ ხალხს გულითადი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ.

ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები არიან, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთს. ისინი ასევე კარგი პარტნიორები არიან, რომლებიც თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობაზე თანამშრომლობენ. ამჟამად, ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალას იკრებს, პოლიტიკური კავშირები კვლავაც ძლიერდება, სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ შინაარსს იძენს, ხოლო მრავალმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო ნაყოფიერი ხდება. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს და მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიმუშაო ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად – ორივე ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველოს კეთილდღეობას, ხოლო მის ხალხს ბედნიერებას ვუსურვებ“, – აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინის მისალოც წერილში.

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, ვიცე-პრეზიდენტი და ვიცე-პრემიერი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსურს, თქვენო აღმატებულებავ, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო  საქართველოს მთავრობასა და მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვო შემდგომი წარმატებები, წინსვლა და კეთილდღეობა. გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“, – აღნიშნულია მისალოც წერილებში.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბელგიის მეფე ფილიპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„მის აღმატებულებას, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მსურს, თქვენს აღმატებულებას გადავცე ჩემი მილოცვა და გისურვოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა როგორც თქვენ, ისე ყველა თქვენს თანამემაულეს“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმისა და ჩემი სახელით, ნება მომეცით, გულწრფელად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გისურვოთ თქვენი ქვეყნის ხანგრძლივი კეთილდღეობა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვხატავ მტკიცე რწმენას, რომ, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, კორეის რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხის სახელით, მაქვს პატივი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გულწრფელი მილოცვა გადავცე თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს.

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ კორეა და საქართველო კვლავ განაგრძობენ თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას, რაც მტკიცე მეგობრობასა და გულწრფელ ნდობაზეა დაფუძნებული.

მოუთმენლად ველოდები ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას და თანამშრომლობის პერსპექტივების გაფართოებას სხვადასხვა სფეროში მჭიდრო კომუნიკაციის გზით.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს ხანგრძლივი პროგრესისა და კეთილდღეობისთვის, თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობისა და ქართველი ხალხის ბედნიერებისთვის“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქეების და პირადად ჩემი სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გიგზავნით გულწრფელ მილოცვას და საუკეთესო სურვილებს თქვენი ქვეყნისა და ხალხის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. უაღრესად კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებითა და პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობით.  მტკიცედ მწამს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მომავალშიც განვაგრძობთ  სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას. ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო  სერბეთის რესპუბლიკაში თქვენი მასპინძლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ასევე მოუთმენლად ველი საქართველოში ჩემს მომავალ ვიზიტს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას და გაღრმავებას ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპული მხარდაჭერისთვის. ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია ადასტურებს, რომ თქვენ ქვეყანა ერთგულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და მხარს უჭერს  მათ თანმიმდევრულ დაცვას,  რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მოქალაქეებს კეთილდღეობას უსურვებს.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხორვატიის რესპუბლიკის მოქალაქეების და პირადად ჩემი სახელით, ჩემთვის პატივია, გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მილოცვა და თქვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს პროგრესი და კეთილდღეობა ვუსურვო.

სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს ბოლო ვიზიტს თქვენს ქვეყანაში. მჯერა, რომ ჩვენმა შეხვედრამ შემდგომი ორიენტირები განსაზღვრა ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, ისევე როგორც საერთო ინტერესის მქონე სფეროებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მოხარული ვარ, რომ გავცვალეთ მოსაზრებები მიმდინარე გლობალურ საკითხებსა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებულ მრავალ გამოწვევაზე. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, – აღნიშნულია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო ნება მომეცით, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და პირადად ჩემი სახელით, მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ეს მნიშვნელოვანი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის სიმტკიცეს, შეუპოვრობას და თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვას. ის უკვდავყოფს იმ ისტორიულ ძალისხმევას, რომელიც კანონის უზენაესობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის პრინციპებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფოს ასაშენებლად იქნა გაწეული.

ამ თარიღთან დაკავშირებით, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო სლოვაკეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სლოვაკეთი დიდი ხანია საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოებისკენ სწრაფვაში, და მხარს უჭერს საქართველოს ამბიციურ რეფორმებსა და პრო-ევროპულ კურსს.

ამავდროულად, ბრატისლავაში თქვენს ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი გულწრფელი ინტერესი სლოვაკეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და განვითარებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორობას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ხალხთაშორისი კონტაქტები და კულტურული თანამშრომლობა.

მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე დიალოგი და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, არამედ უფრო ფართო რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას.

ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს საქართველოს საკეთილდღეოდ თქვენი მიზნების მისაღწევად. საქართველოს ყველა მოქალაქეს კი ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ განვითარებას. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.