26 მაი 2026
დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ხალხისა და დიდი მოღვაწეების სიმამაცესა და სიბრძნეს, იმ მარადიულ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა ეროვნული ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, წელს საქართველო აღნიშნავს 1 700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან.
„მოგესალმებით წვევამდელებს, რომლებმაც დღეს საზეიმოდ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე! მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქეებო, საზღვარგარეთ მცხოვრებო ჩვენო თანამემამულეებო, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!
დღეს ჩვენ განსაკუთრებულ თარიღს აღვნიშნავთ – დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ხალხისა და დიდი მოღვაწეების სიმამაცესა და სიბრძნეს, და იმ მარადიულ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა ეროვნული ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა.
წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. 326 წელს ქრისტიანობა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად და ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად იქცა. ქრისტიანობამ განსაზღვრა უნიკალური ქართული კულტურა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ასე ვამაყობთ. 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს. ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს.
ამ 17 საუკუნის მანძილზე, ჩვენ გარშემო იმპერიები ქრებოდა, საქართველომ კი დღემდე შეინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა. რომ არა უფლის მფარველობა და ქართველი ხალხის რწმენა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ, ისტორიის ეს სასწაული ვერ შედგებოდა.
გიორგი მერჩულე ამბობდა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. საქართველოს ეროვნული იდენტობის ეს ფორმულა ილია ჭავჭავაძემ – წმინდა ილია მართალმა სამი სიტყვით გამოხატა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. ეს არის ის სამი უმთავრესი ეროვნული ღირებულება, რომელსაც თავგანწირვით იცავდნენ ჩვენი წინაპრები და რომლის მტკიცედ დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის განცხადებით, ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე საუბრისას, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ილია II-ის მიმართ, რომელმაც ააღორძინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მას ავტოკეფალია აღუდგინა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უფლის რწმენაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი არის ის ძალა, რომელმაც ქვეყანას დააძლევინა მრავალი სირთულე წარსულში და ასევე დააძლევინებს ყველა სირთულეს მომავალში.
„ისევე, როგორც წმინდა ილია მართალმა, ილია II-მაც სამი სიტყვით გამოხატა უმთავრესი ღირებულებები, რომლებსაც თითოეული ქართველის თვითშეგნება უნდა ეფუძნებოდეს: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ყალბია ყოველგვარი პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი, რომელიც ღმერთის შიშსა და რწმენაზე არ არის დაფუძნებული. სწორედ უფლის რწმენაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი არის ის ძალა, რომელმაც დაგვაძლევინა მრავალი სირთულე წარსულში და რომელიც დაგვაძლევინებს ყველა სირთულეს მომავალში“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს მიმართა და უსურვა, რომ მისი მოღვაწეობა საფუძვლად დაედოს კიდევ ერთ გამორჩეულ ეპოქას დედაეკლესიის ისტორიაში.
„ღრმა პატივისცემით მივესალმები უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს – უფლის ნებით, ილია II-ის ანდერძით და წმინდა სინოდის თანადგომით გამორჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს. უწმიდესს და უნეტარესს ვუსურვებ, მისი მოღვაწეობა საფუძვლად დაედოს კიდევ ერთ გამორჩეულ ეპოქას ჩვენი დედაეკლესიის ისტორიაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.