თეირანი ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტსა და ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას არ აპირებს

26 მაი 2026

ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტი აუცილებელი პირობაა  აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად - ასეთია ოფიციალური თეირანის პოზიცია. ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ებრაჰიმ აზიზიმ, განაცხადა, რომ სრუტე ისევე, როგორც ბირთვული საკითხი მოლაპარაკებების საგანი არ უნდა იყოს.

ნავთობის ფასები ორშაბათს თითქმის 7%-ით დაეცა, რადგან გაიზარდა ოპტიმიზმი, რომ შეერთებული შტატები და ირანი უახლოვდებიან სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ჰორმუზის სრუტეს ხელახლა გახსნას ითვალისწინებს.

ირანის მთავარი მომლაპარაკებელი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი დოჰაში იმყოფებოდნენ, სადაც  კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ და აშშ-სთან სამთვიანი ომის დასრულების პოტენციურ შეთანხმებაზე იმსჯელეს.  

ორივე მხარემ განაცხადა, რომ მათ პროგრესი მიაღწიეს ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც შეაჩერებს ომს და მომლაპარაკებლებს 60 დღეს მისცემს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. აშშ და ირანი განიხილავენ ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმას, რომელიც ორი ქვეყნის მიერ საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევიდან დაახლოებით 30 დღეში უნდა განხორციელდეს. ირანი სრუტიდან ნაღმების გაწმენდას 30-დღიანი ფანჯრის განმავლობაში დაიწყებს, რის შემდეგაც ყველა ქვეყნის გემებს თავისუფლად და უსაფრთხოდ შეეძლებათ ნავიგაცია და ირანი შეწყვეტს ტრანზიტის საფასურის მოკრეფას.