საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაი 2026

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, ეროვნული გვარდიის სარიტუალო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებმა კი მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისსა და ქვეყნის ისტორიულად გამორჩეულ ადგილებში ტრადიციულად, რეკრუტებმა ფიცის დადების ცერემონიით დაიწყეს.

წლევანდელი 26 მაისის კონცეფციიდან - „ქრისტიანული კულტურის 1700-წლიანი ტრადიცია“ გამომდინარე, ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება თბილისსა და საქართველოს გაქრისტიანებასთან ისტორიულად დაკავშირებულ 12 რეგიონში ერთდროულად გაიმართა.

რეკრუტებმა ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადეს: თავისუფლების მოედანზე, ბოლნისის სიონში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან, მესტიაში - უშგულის ლამარიასთან, ოზურგეთში - კონჭკათის მთავარანგელოზის მონასტერთან, გონიოში - აფსაროსის ციხესიმაგრეში, მარტვილში - ჭყონდიდის საყდართან, ამბროლაურში - ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიასთან, ხარაგაულში - უბისის მონასტერთან, კასპში - თხოთის წმინდა ნინოს მონასტერთან, ფოკაში - წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან, სნოს წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან და ბოდბის დედათა მონასტერთან. 

საქართველოს თავდაცვის ძალებს დღეს 600-მდე სამხედრო მოსამსახურე შეუერთდა. მათი ნაწილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გააგრძელებს მსახურს, ნაწილი კი - წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.

თავისუფლების მოედანზე კოლოფებად განლაგდა თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა: დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, აღმოსავლეთის, დასავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობები, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და ეროვნული გვარდია.

თავდაცვის ძალებში გაწევრიანება და დამოუკიდებლობის დღე რეკრუტებს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III მიულოცეს.