27 მაი 2026
ივნისის ამხანაგურ მატჩებში ტრავმის გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება. ქართველმა ფორვარდმა ტრავმა ლა ლიგის ბოლო ტურში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ივნისში რუმინეთსა და ბაჰრეინთან გასამართ მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.
„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ რუმინეთთან და ბაჰრეინთან მატჩებს გამოვტოვებ. „ატლეტიკოსთან“ მატჩში მცირე დისკომფორტი ვიგრძენი. სერიოზული არაფერია, თუმცა, სამედიცინო შტაბის რჩევით, უმჯობესია დაზიანება ბოლომდე მოვიშუშო, რათა პრობლემები თავიდან ავირიდო. საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრებში წარმატებებს ვუსურვებ. მალე შევხვდებით, დიდი ამბიციებითა და მიზნებით“ - წერს სოციალურ ქსელში ქართველი ფორვარდი.
ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი 2 ივნისს რუმინეთს შეხვდება, ხოლო 5 ივნისს ბაჰრეინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.