საერთაშორისო ტურნირი კრივში დასრულდა

27 მაი 2026

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა წარსულში ცნობილი მოკრივის, აჭარის კრივის სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წევრის, აჭარის კრივის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის კრივში უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის.

ტურნირში 10 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის გაიმართა.

გოგონათა შორის ორთაბრძოლები შვიდ, მამაკაცთა შორის კი ათ წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

ჩემპიონ-პრიზიორებისგან დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრების ბირთვი, რომელიც საწვრთნელ შეკრებებს გამართავს და ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება.

ტურნირი მეოთხედ ჩატარდა და ორგანიზატორთა განცხადებით, მომავალ წლებში უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.

ღონისძიება საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.