სპორტის მინისტრი მინი-ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

28 მაი 2026

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო, რომელიც სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ტარდება. სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მსოფლიოს მინი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპ ჯუდასა და ევროპის მინი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პიტერ კრალიკის შეხვდა.

ევრო - 2026-ზე საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები D ჯგუფში ასპარეზობს; ჯგუფში მისი მეტოქეები ინგლისი, ესპანეთი და რუმინეთი არიან. მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი ინგლისის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს დღეს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ. 

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ ასპარეზობს. ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება.