ზურაბ პატარაძე ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა 

28 მაი 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ მინისტრს რეგიონში ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

,,გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მოგვეცა შესაძლებლობა გვემსჯელა არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე. სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სამედიცინო სფეროს და გაზრდის მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კოორდინირებული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებას.