28 მაი 2026
დღეს ბათუმში სტარტი აიღო აჭარის ღია ჩემპიონატმა ველოსპორტში, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობენ ველომრბოლელები სომხეთიდან.
ტურნირი ოთხ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი 12 კილომეტრ დისტანციაზე ინდივიდუალურ რბოლას მოიცავს, მეორე ეტაპზე ბათუმი-ხულოს 80-კილომეტრიან მარშრუტზე ჯგუფური რბოლა გაიმართება, მესამე ეტაპს ქობულეთი უმასპინძლებს, სადაც 40 კილომეტრზე წრიული რბოლა ჩატარდება. ჩემპიონატის დასკვნით დღეს კი ასევე წრიული რბოლა გაიმართება.
ყველა ეტაპს ეყოლება თავისი გამარჯვებული, ხოლო ოთხი დღის ჯამში დაგროვებული ქულების შესაბამისად გამარჯვებული აჭარის ჩემპიონი გახდება.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან: მედლებით, სიგელებით, თასებით, ფასიანი ვაუჩერებით და პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული პრიზებით.