28 მაი 2026
პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებული სამართალდამცველები დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, სადაც მათ ბრალდება წარედგინებათ. 6 სამართალდამცველი პროკურატურამ დღეს დილით დააკავა. მათი ინფორმაციით ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, კლინიკა ვივამედი დღეს დატოვა. კლინიკური დირექტორის ინფორმაციით პაციენტს „ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა და არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას“.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი გუშინ ფიზიკურად გაუსწორდა. პაპუნა ლოცულაშვილი პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მუხლით იყო დაკავებული. მისი ადვოკატის განცხადებით, ფიზიკურ ძალადობაში გაცილებით მეტი პოლიციელი მონაწილეობდა, ვიდრე დაკავებულები არიან. იგი მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.
ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.