28 მაი 2026
გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებული ექვსი პოლიციელი ბრალის წარდგენას ელოდება.
დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის მამიდა აცხადებს, რომ მომხდარი ყველამ თვალნათლივ დაინახა ჩაწერილ კადრებში და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ და დამნაშავეები დაისჯებიან. მისი თქმით, საქმეში ჩართულია სათანადო ორგანოები და მათ არც ოპოზიციის და არც სხვა ვინმეს ჩარევა არ სჭირდებათ. "აქ კანონმა უნდა იმოქმედოს" - აცხადებს დაზარალებულის მამიდა.
"ყველამ რეალურად თვალნათლივ დაინახა, რაც მოხდა იმ კადრებში. მე არ ვიცი რატომ დაადანაშაულეს და რატომ გადაჰყარეს ამ შარს, არ ვიცი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს და დასასჯელი დაისჯება. დავდგე, გამოვეკიდო და რაღაც შემდგომი მსვლელობები მივცე ამ საქმეს, სულ არ არის საჭირო იმიტომ, რომ არიან ჩართულები სათანადო ორგანოები და ისინი გასცემენ საკადრისს პასუხს.
არ მჭირდება მე არც ოპოზიციის და არც არავისი ჩარევა, აქ უნდა იმოქმედოს კანონმა, კანონია უზენაესი და არა ოპოზიცია და პოლიტიკა.
გუშინ ისეთი პიროვნებები შემოგვესივნენ გარშემო, რომ ვატყობ, საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სისტემა არაფერ შუაშია, მოხდა შემთხვევა, იმათ თავიანთ ძალაუფლებას გადააჭარბეს. აუცილებლად მაქვს იმედი, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი და სათანადოდ დაისჯება ის, ვინც აქ კანონსა და წესებს გადააჭარბა", - აცხადებს პაპუნა ლოცულაშვილის მამიდა.